ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთი უარს ამბობს დანაღმული ტერიტორიების რუკების ბაქოსთვის გადაცემაზე
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთი უარს ამბობს დანაღმული ტერიტორიების რუკების ბაქოსთვის გადაცემაზე. ამის შესახებ განცხადება ალიევმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისივე თქმით, იმ რუკების სიზუსტე, რომელთა გადაცემაც სომხეთს აზერბაიჯანისთვის „მოუწია“, მხოლოდ 25%-ს შეადგენს.
„საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აიძულოს სომხეთი, რომ მან გადმოგვცეს ყველა დანაღმული ტერიტორიის ზუსტი რუკები“, – განაცხადა ალიევმა.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ბაქო მზადაა, სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება და ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი დაიწყოს.
„ეს პროცესი უნდა იყოს დაფუძნებული აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე“, – განაცხადა ალიევმა.
ალიევმა ასევე ისაუბრა რეგიონული სატრანსპორტო პროექტების მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში ახსენა ზანგეზურის დერეფანი, რომელმაც აზერბაიჯანი თურქეთს უნდა დაუკავშიროს.
„ეს დერეფანი მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი რეგიონისთვის. აზერბაიჯანმა შექმნა ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს და მათ შორის სომხეთმა“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.