ილჰამ ალიევი - ყოველთვის გვსურდა, თურქეთსა და რუსეთს ერთნაირი როლი შეესრულებინათ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, დღეს ამას მივაღწიეთ
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქოში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს, ეროვნული თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარსა და ეროვნული დაზვერვის უფროს ჰაკან ფიდანს შეხვდა.
ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ილჰამ ალიევმა შეხვედრისას თურქეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. მან რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის შეთანხმებას ბაქოსა და ანკარას ერთობლივი გამარჯვება უწოდა, რაც, მისი თქმით, არის თურქულ-აზერბაიჯანული ერთობის დადასტურება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის თურქეთ-რუსეთის ერთობლივი ცენტრის შექმნას.
მისი თქმით, ერთობლივი ცენტრის მუშაობაზე აზერბაიჯანული მხარე თურქ და რუს კოლეგებთან გამართავს მოლაპარაკებებს, რათა ცენტრი უმოკლეს დროში შეიქმნას.
„ეს არის რეგიონში თანამშრომლობის ახალი ფორმატი. ჩვენ ყოველთვის გვსურდა, რომ თურქეთსა და რუსეთს შეესრულებინათ ერთნაირი როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში და დღეს ამას მივაღწიეთ“, – აღნიშნა ალიევმა.
რუსეთმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შეთანხმების შესახებ გუშინ განაცხადეს.