ილჰამ ალიევი - ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ იყო სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შანსი, მაგრამ ამისთვის ყველა ტერიტორიული პრეტენზიის მოხსნა იყო საჭირო
მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 1992 წლიდან 2020 წლამდე, 28 წლის გაუთავებელმა და, როგორც ვხედავთ, უსარგებლო მოლაპარაკებებმა ნულოვანი შედეგი გამოიწვია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ზანგილანში, აზერბაიჯანის ურბანული განვითარების მე-2 ეროვნულ ფორუმზე განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, იმ ქვეყნებს, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, სურვილის შემთხვევაში, გამოსავლის მოძებნა შეეძლოთ.
ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთი არ დაემორჩილა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციებს, რადგან მას სურდა სტატუს კვოს შენარჩუნება.
„ჟენევის კონვენციების მიხედვით, უკანონო დასახლება დანაშაულად ითვლება, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ მათ წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა და არც საჯაროდ დაადანაშაულა. მათ პირდაპირ არც კი მოუწოდებიათ, გაეყვანათ ჯარი ჩვენი ტერიტორიიდან. და მაინც, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ იყო სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შანსი, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო ყველა ტერიტორიული პრეტენზიის მოხსნა და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების თავიდან არიდება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.