ილჰამ ალიევი - ყარაბაღის კონფლიქტი გადაწყდა ორი წლის წინ, ამიტომ ამ კონტექსტში განსახილველი არაფერია, მოვიდა დრო, ვიმოქმედოთ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის
ორი წლის წინ ხელმოწერილმა სამმხრივმა დეკლარაციამ წერტილი დაუსვა მრავალწლიან კონფლიქტს. დრო მოვიდა, ვისაუბროთ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე და ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს როლს ამ მიმართულებით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ალიევის თქმით, ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე შესაძლებელია ურთიერთობის ნორმალიზება.
„დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ჩვენს რეგიონულ საკითხებს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში თქვენი როლისთვის. ორი წლის წინ ხელმოწერილი იქნა სამმხრივი დეკლარაცია, რომელმაც წერტილი დაუსვა მრავალწლიან კონფლიქტს. ახლა დრო მოვიდა, ვიმოქმედოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის და ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს როლს ამ მიმართულებით. აზერბაიჯანმა ცოტა ხნის წინ წამოაყენა ხუთი არსებითი პრინციპი, რომელზეც უნდა იყოს დაფუძნებული ურთიერთობების ნორმალიზება. ეს არის ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპები და ვფიქრობ, მათ საფუძველზე შესაძლებელია ურთიერთობის ნორმალიზება. ყარაბაღის კონფლიქტი უკვე ისტორიაა, ის გადაწყდა ორი წლის წინ, ამიტომ ამ კონტექსტში განსახილველი არაფერია“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.