ილჰამ ალიევი - უახლოეს მომავალში, აზერბაიჯანში თურქული კომპანია „ბაირაქტარის“ ცენტრი დაარსდება
უახლოეს მომავალში აზერბაიჯანში თურქული კომპანია „ბაირაქტარის“ ცენტრი დაარსდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სტამბოლში, აერონავტიკისა და ტექნოლოგიების ფესტივალ „ტექნოფესტზე“ განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, თურქეთი და აზერბაიჯანი ყოველთვის ერთად არიან.
ალიევის განცხადებით, ორი წლის წინ, შუშის დეკლარაციაზე ხელმოწერით, თურქეთი და აზერბაიჯანი ოფიციალურად გახდნენ მოკავშირეები.
„ჰეიდარ ალიევმა განაცხადა, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ერთი ერი, ორი სახელმწიფოა. დღეს ჩვენ ამას ვამტკიცებთ. ჩვენი მამებისა და წინაპრების სული გახარებულია, იმიტომ, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი გაერთიანებულია. როგორც მამაჩემმა თქვა: „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“, მინდა, დავამატო, ერთი მუშტი!“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა.