ილჰამ ალიევი - ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი უკვე რეალობაა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს რეგიონული თანამშრომლობის დონეს
ილჰამ ალიევი - ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი უკვე რეალობაა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს რეგიონული თანამშრომლობის დონეს

ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი დღეს მთლიანად აჩვენებს თავის პოტენციალს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფ ყაზახ კოლეგასთან დეტალურად განიხილა სატრანზიტო-სატრანსპორტო სექტორის პრობლემატიკა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ჩინეთიდან ყაზახეთის გავლით აზერბაიჯანში ჩასული სატვირთო მატარებლის დახვედრის სიმბოლურ ცერემონიალში.

„ეს არის კიდევ ერთი სიმბოლო იმისა, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი უკვე რეალობაა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს რეგიონული თანამშრომლობის დონეს, რადგან შეუძლებელია, მეზობლებთან კარგი ურთიერთობების გარეშე იყო ტრანზიტული ქვეყანა. მოცემულ შემთხვევაში ყაზახეთიც და აზერბაიჯანის ამ მიმართულებით აჩვენებენ რეგიონული თანამშრომლობის, მეზობლებთან ურთიერთობების გამყარების მიმართ ერთგულებას. აზერბაიჯანს და ყაზახეთს მხოლოდ კასპიის ზღვა ჰყოფთ, თუმცა ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს, პირიქით, კასპიის ზღვა არის ხიდი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ მრავალ ქვეყანას შორის, რადგან ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი დღეს მთლიანად ხსნის თავის პოტენციალს“, – განაცხადა ალიევმა.

თავის მხრივ, ყაზახეთის ლიდერმა განაცხადა, რომ დღეს მსოფლიოში სატრანსპორტო-ლოგისტიკური სფერო არის სტრატეგიული სფერო.

„რაც შეეხება სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროს, დღეს ვისაუბრეთ იმაზე, რომ, რესურსების გარდა, ამჟამად მთელ მსოფლიოში მწვავდება ბრძოლა სწორედ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ შესაძლებლობებზე წვდომისთვის. ეს არის სტრატეგიული სფერო. სასიხარულოა, რომ ყაზახეთიც და აზერბაიჯანიც ამ სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ, როგორც ბუნებრივი პარტნიორები“, – განაცხადა თოყაევმა.