ილჰამ ალიევი - სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას თუ გადავავადებთ, ეს, შეიძლება, 30 წლის შემდეგაც არ გაფორმდეს, რადგან მეგობარ საქართველოსთან დელიმიტაცია ჯერ არ დასრულებულა, რუსეთთან კი დელიმიტაციის პროცესი 20 წელი გაგრძელდა
სომხეთთან თუ დაველოდებით დელიმიტაციას და გადავავადებთ სამშვიდობო შეთანხმებას, მაშინ სამშვიდობო შეთანხმება, შეიძლება, 30 წლის შემდეგაც არ გაფორმდეს, რადგან ჩვენს მეგობარ და მეზობელ საქართველოსთან დელიმიტაცია ჯერ არ დასრულებულა, საზღვრის მხოლოდ 70 პროცენტია იდენტიფიცირებული და დადასტურებული, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, დელიმიტაციის პროცესი რუსეთთან 20 წელი გაგრძელდა, მხოლოდ 2012 წელს მოეწერა ხელი, დღემდე 13 წელი გავიდა, ყველა სანიშნე ჯერ არ არის განთავსებული და დემარკაცია ჯერ არ დასრულებულა.
ალიევის განცხადებით, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, რაც უფრო ადრე, მით უკეთესი.
„დელიმიტაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს. სოფლები უნდა დაგვიბრუნონ. შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია ანკლავებზე კომისიის მუშაობის შედეგად. ასე რომ, ვფიქრობ, ეს სრულიად ლოგიკური მიდგომაა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.