ილჰამ ალიევი - სომხეთთან თავისუფალი ვაჭრობისთვის მზად ვართ, მაგრამ ბაქო-ერევანს შორის საზღვრების ორმხრივი აღიარების გარეშე, ეს ვერ მოხდება
ბაქო ერევანთან სავაჭრო ურთიერთობების განსახორციელებლად მზად არის, მაგრამ ამისთვის აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთის საზღვრები უნდა აღიარონ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
ალიევის თქმით, ოფიციალურმა ერევანმა მათ შორის მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად უნდა აღიაროს.
„სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, მათ შორის სომხეთთან თავისუფალი ვაჭრობისთვის მზად ვართ, მაგრამ ბაქო-ერევანს შორის საზღვრების ორმხრივი აღიარების გარეშე, ეს ვერ მოხდება. ჩვენი მხრიდან მზად ვართ, სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების აღიარებისთვის. საპასუხოდ ოფიციალურმა ერევანმაც იგივე უნდა გააკეთოს, მათ შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების კუთხით. ასე რომ, ველით სომხეთის მხრიდან კონკრეტულ მოქმედებებს“, – განაცხადა ალიევმა ონლაინდისკუსიაზე სახელწოდებით „სამხრეთ კავკასია: რეგიონალური განვითარების პერსპექტივები და თანამშრომლობა“.