ილჰამ ალიევი - სომხეთმა მომავალი უნდა დაგეგმოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არა ჩვენი რეგიონიდან შორს მყოფი ქვეყნების ამბიციებით, რომლებსაც სისხლიანი კოლონიური წარსული აქვთ
სომხეთმა უნდა დაგეგმოს თავისი მომავალი საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არა ჩვენი რეგიონიდან შორს მყოფი ქვეყნების ამბიციებით, რომლებსაც სისხლიანი კოლონიური წარსული აქვთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ეს არის ქვეყნები, რომელთა კოლონიური პოლიტიკა მიმართული იყო, უპირველეს ყოვლისა, მუსლიმური მოსახლეობის წინააღმდეგ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
„ვერცერთი საერთაშორისო ზეწოლა ვერ იქონიებს გავლენას აზერბაიჯანის ხალხისა და აზერბაიჯანის მთავრობის ნებაზე. ახლა სომხეთი იყენებს თავის დიასპორას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის. მაგრამ მათი ქმედებები არაეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მაგრამ სამართლიანი მშვიდობისთვის, რომელიც დაფუძნებულია ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებაზე, საღ აზრსა და ისტორიულ სამართლიანობაზე დაფუძნებულ მშვიდობაზე. ფაქტობრივად, სომხეთი საფრანგეთის მთავრობის მარიონეტად იქცა და ეს შეიძლება სერიოზული საფრთხე გახდეს რეგიონული სტაბილურობისთვის. ჩვენ არ გვჭირდება ომი. ჩვენ ვიბრძოლეთ ჩვენს ტერიტორიაზე, აღვადგინეთ სამართლიანობა და საერთაშორისო სამართალი. მაგრამ სომხეთის ხელისუფლება და პოლიტიკური ისტებლიშმენტი შურისძიებაზე ფიქრობს. საფრანგეთის მთავრობის არასწორი გზავნილები კი რეალურად უქმნის ილუზიებს სომხეთის მთავრობას და, შესაძლოა, სომხურ საზოგადოებრივ აზრსაც, რომ მათ შეუძლიათ, კვლავ დაიწყონ სამხედრო აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ. სომხეთის შეიარაღება, რომლითაც საფრანგეთი ასე ამაყობს და საჯაროდ აცხადებს, არ დაეხმარება სომხეთს, თუ ის გადაწყვეტს ახალი ომის დაწყებას. შედეგი იგივე იქნება და მათ არავინ დაეხმარება. დაეხმარა მათ საფრანგეთი სამი წლის წინ? არა. დაეხმარნენ მათ ორი თვის წინ? არა. რისი გაკეთება შეუძლიათ მათ აქ? არაფერი. ამიტომ, ვფიქრობ, რაც უფრო მალე მივიღებთ პასუხს სომხეთისგან ჩვენს კომენტარებზე, მით უკეთესი“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.