ილჰამ ალიევი - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ერევნის რეაქციამ შესაძლოა, რეგიონში დაძაბულობა გამოიწვიოს
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ერევნის რეაქციამ შესაძლოა, რეგიონში დაძაბულობა გამოიწვიოს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ სომხეთის არაადეკვატურმა რეაქციამ საზღვარზე არსებულ დაძაბულ ვითარებაზე და ერევნის მცდელობამ, საკითხი საერთაშორისო დონეზე გადაიყვანოს, შესაძლოა, რეგიონში დაძაბულობის ზრდა გამოიწვიოს. ალიევმა ასევე ხაზი გაუსვა ყველა დავის მშვიდობიანი და მოლაპარაკებათა პროცესის გზით გადაწყვეტის აუცილებლობას“, – ნათქვამია ალიევის პრესსამსახურის მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 12 მაისს სომხეთში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სინიუქის რაიონში სომხეთის საზღვარი გადაკვეთეს. ამის გამო სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში დაადანაშაულა. ნიკოლ ფაშინიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა. სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელი სამხედროების ნაწილი ჯერ კიდევ რჩება სომხეთის ტერიტორიაზე.