ილჰამ ალიევი - საქართველოს პრემიერის ბაქოში ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები მაღალ დონეზეა
აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები მაღალ დონეზეა. როგორც ბაქოდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ასეთი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას.
როგორც ალიევმა აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ცხოვრობს მეგობრულ და კეთილმეზობლურ ატმოსფეროში.
„დღეს ორ დამოუკიდებელ ქვეყანას შორის ურთიერთობები დამყარებულია ძლიერ საფუძველზე. საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ მნიშვნელოვან პროექტებს, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევცვალეთ მსოფლიოს რუკა. სატრანსპორტო სფეროში ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისა და აზიის მასშტაბით. ყველა ამ პროექტის რეალიზებაში აქტიურად თანამშრომლობენ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისივე თქმით, სავაჭრო ბრუნვის გაზრდასთან დაკავშირებით დამატებითი ძალისხმევაა საჭირო.
„მიმაჩნია, რომ სავაჭრო ბრუნვის გაზრდასთან დკავშირებით დამატებითი ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ. ვიცი, რომ საქართველოში ძალიან კარგი საინვესტიციო კლიმატია. მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით პირველი ინვესტორი ქვეყანაა. დღეს ჩვენ მრავალ საკითხს განვიხილავთ, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობის თემებს. გისურვებთ წარმატებულ ვიზიტს“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დღეს დაიწყო.