ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. აზერბაიჯანსა და საქართველოს მეგობრობისა და კარგი მეზობლობის ტრადიციული ურთიერთობა აკავშირებთ. მჯერა, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ურთიერთნდობისა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და მომავალ წლებში წარმატებით განვაგრძობთ ყველა სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“, – ნათქვამია ალიევის განცხადებაში.
აზერბაიჯანის ლიდერი საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და მეგობარი ხალხის კეთილდღეობისკენ მიმართულ საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 59, 52 პროცენტი მიიღო, რაც რაოდენობრივად 1 147 627 ხმაა.