ილჰამ ალიევი - საფრანგეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო პროცესში, ეს არა ჩვენი, არამედ მათი ბრალია, ამიტომ ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის მონაწილეობით 7 დეკემბრის შეხვედრა არ შედგება
ილჰამ ალიევი - საფრანგეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო პროცესში, ეს არა ჩვენი, არამედ მათი ბრალია, ამიტომ ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის მონაწილეობით 7 დეკემბრის შეხვედრა არ შედგება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ საფრანგეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას ბაქოსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ამიტომ 7 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ოთხმხრივი შეხვედრა ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით არ შედგება.

ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ბაქოში საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, პრაღაში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ ემანუელ მაკრონმა ინტერვიუში გააკრიტიკა აზერბაიჯანი და დაადანაშაულა ბაქო იმაში, რაც მას არ ჩაუდენია.

როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, ამას მოჰყვა საფრანგეთის სენატის მიერ რეზოლუციის მიღება, რომელიც აზერბაიჯანისთვის აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. ალიევის განცხადებით, ახლა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა კიდევ ერთი ანტიაზერბაიჯანული რეზოლუციის მიღებისთვის ემზადება.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაგებია, რომ საფრანგეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო პროცესში. ეს არა ჩვენი, არამედ მათი ბრალია, რადგან არც აშშ-ს და არც რუსეთს არასდროს ოფიციალურ დონეზე არ დაუკავებიათ ვინმეს მხარე. ეს ნიშნავს, რომ 7 დეკემბერს შეხვედრა არ შედგება. ჩვენ განვიხილავთ სხვა ალტერნატივებს. ვნახოთ, ვინ შეასრულებს შუამავლის როლს და რომელ პლატფორმაზე“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე დაადანაშაულა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი ეტაპის დაბრკოლებაში. თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „პრაღის ფორმატის“ მოლაპარაკებების შენარჩუნება სურთ, სადაც ერევანსა და ბაქოს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ემანუელ მაკრონი და შარლ მიშელი ასრულებენ. უწყების ცნობით, აზერბაიჯანის განცხადებას, თითქოს ერევანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს, რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.