ილჰამ ალიევი - ოფიციალური ბაქო ერევანთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში ევროკავშირზე დიდ იმედებს ამყარებს
ოფიციალური ბაქო ერევანთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში ბრიუსელზე დიდ იმედებს ამყარებს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან შეხვედრისას, ალიევმა აღნიშნა, რომ ბაქო დიდ იმედებს ამყარებს ევროკავშირის ძალისხმევაზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 6 აპრილს ბრიუსელში გამართული ბოლო სამმხრივი შეხვედრა მოლაპარაკების პროცესის განვითარების „საწყის წერტილად“ მიაჩნია.
ალიევის განცხადებით, ბრიუსელის შეხვედრის შედეგად ბაქოსა და ერევანს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება სასაზღვრო საკითხებზე სამუშაო ჯგუფების შექმნისა და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ.
„ზოგადად, ბრიუსელში გამართული შეხვედრის შედეგები დადებითად მიმაჩნია. ამის შესახებ საზოგადოებას 12 აპრილს ვაცნობე. მეორე დღეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ღიად ისაუბრა ნორმალიზაციის პროცესზე და სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მხრიდან წაყენებული ხუთი პრინციპის მიღებაზე. ეს მართლაც კიდევ ერთი შემობრუნების მომენტია პროცესში. ვფიქრობ, ეს დადებითი კომენტარებია”, – აღნიშნა ალიევმა.