ილჰამ ალიევი - მინდა, მადლობა გადავუხადო „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში მონაწილე ქვეყნების, თურქეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთისა და იტალიის მთავრობებს, ჩვენ ნამდვილად გუნდურად ვმუშაობთ
ილჰამ ალიევი - მინდა, მადლობა გადავუხადო „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში მონაწილე ქვეყნების, თურქეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთისა და იტალიის მთავრობებს, ჩვენ ნამდვილად გუნდურად ვმუშაობთ

მინდა, მადლობა გადავუხადო „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში მონაწილე ქვეყნების, თურქეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთისა და იტალიის მთავრობებს, ჩვენ ნამდვილად გუნდურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ ქადრი სიმსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ილჰამ ალიევის თქმით, გასულ წელს მისმა სახელმწიფომ სულ 19 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაატარა, საიდანაც თურქეთმა 8,5 მილაირდი კუბური მეტრი მიიღო, ხოლო იტალიამ კი თითქმის 7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.

გარდა ამისა, აზერბაიჯანელი ლიდერის განცხადებით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ასევე მიწოდება საქართველოს, ბულგარეთსა და საბერძნეთს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების პროექტების მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობას ვუხდი მას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში პირდაპირი მონაწილეობისთვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტში მონაწილე ქვეყნების – თურქეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთისა და იტალიის მთავრობებს. ჩვენ ნამდვილად გუნდურად ვმუშაობთ“, – აღნიშნა ალიევმა.

ამასთან, ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში ქადრი სიმსონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე. 

მისი თქმით, ევროკავშირს აზერბაიჯანთან აქვს მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც ევროპისთვის „ენერგიის სანდო მიმწოდებელია“.

„აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების ზრდა მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ ბაზარზე შეფერხებებისა და ფასების ზრდის ფონზე“, – განაცხადა ევროკომისარმა.

სიმსონთან შეხვედრამდე, ალიევმა ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობის ახალი ეტაპის თაობაზე განაცხადა.