ილჰამ ალიევი ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად პრეზიდენტისა და სხვა თანმხლები პირების დაღუპვის გამო უსამძიმრებს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და სხვა თანმხლები პირების დაღუპვის გამო უსამძიმრებს.
„პრეზიდენტ საიედ იბრაჰიმ რაისის სახით ირანელმა ხალხმა დაკარგა გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც მთელი ცხოვრება თავგანწირვითა და ერთგულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას. მისი ნათელი ხსოვნა მარადიულად იცხოვრებს ჩვენს გულებში. ამ სამწუხარო დღეს გისურვებთ, რომ უფალმა მოჰგვაროს მოთმინება მოძმე და მეგობარ ირანელ ხალხს, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და პირადად ჩემი სახელით და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს და მთელ თქვენს ხალხს“, – ნათქვამია ალიევის წერილში, რომელსაც აზერბაიჯანული მედია აქვეყნებს.
ცნობისთვის, ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის ჩრდილოეთ ნაწილში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. ბორტზე სულ ცხრა ადამიანი იმყოფებოდა. იბრაჰიმ რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი კაშხლის გახსნის ცერემონიიდან ბრუნდებოდა, რომელზეც მან აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად მიიღო მონაწილეობა.