ილჰამ ალიევი - ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სანქციები არ დაუწესებიათ რუსეთისთვის, იმავეს ვიტყვი ჩვენზეც, სომხეთმა ოკუპაცია მოახდინა აზერბაიჯანში და არც მის მიმართ არსებობდა სანქციები
მიგვაჩნია, რომ უნდა ვიბრძოლოთ, მსხვერპლი გავიღოთ ტერიტორიული მთლიანობისთვის, სამართლიანობისთვის და განვახორციელოთ გაერო-ს უსაფრთხოების რეზოლუციები, ამიტომ კონტექსტიდან არ ამოვიღოთ ყარაბაღში არსებული ვითარება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე – „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ განაცხადა.
როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ყარაბაღის საკითხზე მშვიდობიანი მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ.
„ენტონი ბლინკენთან ჩვენი შეხვედრის საფუძველზე, კომუნიკაცია ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან გვესმის ასე – ვითარება ორი მიმართულებით უნდა წარიმართოს. პირველ ყოვლისა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ მშვიდობის მიმართულებით და მეორე მიმართულება იქნება ის, რომ ყარაბაღში შედგეს ადგილობრივებთან საუბარი. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მთიანი ყარაბაღი აღარ არის ტერმინი, ეს რუსული ტერმინია. მთიანი ყარაბაღი რუსეთის მოგონილი გეოგრაფიული დასახელებაა, ამიტომ მინდა, ყველა პარტნიორს ვთხოვო, დაიცვას ყარაბაღის რეგიონი. დავიცვათ ეს ტერმინოლოგია და გავითვალისწინოთ ჩვენი კონსტიტუცია, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. მხოლოდ ასე მოვიხსენიოთ ეს რეგიონი“,- აღნიშნა ალიევმა.
მისივე თქმით, „შიდა საკითხები და კომუნიკაცია ყარაბაღში სომხებთან იყო განხილული“.
„ჩვენს პარტნიორებთან შევთანხმდით, რომ დისკუსია გვექნება ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებაზე, სომეხი უმცირესობების მიმართ. მე მზად ვარ ამისთვის, თუმცა იმ ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან, რომლებიც დაიბადნენ, ცხოვრობდნენ და დღემდე ცხოვრობენ ყარაბაღში და არა იმათთან, ვინც ექსპორტირებულ იქნა რუსეთიდან ყარაბაღში, რათა წამყვანი პოზიცია ჰქონოდათ ყარაბაღში. ექსპორტირებული ალბათ ცუდი სიტყვაა ამ შემთხვევაში, კონტრაბანდირებული, ანუ ეს ექსპორტი ნაკლებად იყო, უფრო ხალხის კონტრაბანდა იყო. შემოაპარეს და ეს ხალხი ცდილობს, დაბრუნდნენ ერევანში, შემდეგ მოსკოვში და შემდეგ ისევ ერევანში. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ არ არსებობს ბლოკადა. მეორე ფაქტი, რაც ცხადყოფს, რომ მართლა არ არსებობს ეს ბლოკადა: ჩვენი აქტივისტები სამოქალაქო საზოგადოებიდან მივიდნენ გამშვებ პუნქტთან, ნახეს 2 500 ავტომობილი, მათ შორის სატვირთო, რუსეთის სამხედროები და წითელი ჯვრის წარმომადგენლები. ათასზე მეტი პაციენტი გაიყვანა წითელმა ჯვარმა მკურნალობისთვის სომხეთში. როგორ შეიძლება, ასეთ მოძრავ სიტუაციას ვუწოდოთ ბლოკადა, როცა გზა ღიაა. სომხები თუ ყარაბაღში შეეცდებიან, გამოიყენონ ეს გზა, არავინ გააჩერებს მათ. ეს არის მნიშვნელოვანი, ყველამ იცოდეს ფაქტი და რეალობა. ასევე, სწორად რომ შევაფასოთ არსებული მდგომარეობა, უნდა დავბრუნდეთ ისტორიაში. 30 წელზე მეტია, სომხეთის ოკუპაციის ქვეშ იყო ჩვენი ტერიტორია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სანქციები არავის დაუწესებია რუსეთის წინააღმდეგ. იმავეს ვიტყვი ჩვენზეც. სომხეთმა 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა აზერბაიჯანში და არც სომხეთის მიმართ არსებობდა სანქციები. 27 წელია, ასეა და არცერთი სანქცია არ არსებობს სომხეთის მიმართ“, – განაცხადა ალიევმა.