ილჰამ ალიევი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოᲨი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედეგიანი იქნება
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოᲨი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედეგიანი იქნება. მისი თქმით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ეს იქნება პირველი ორმხრივი შეხვედრა.
ილჰამ ალიევის განცხადებით, შეხვედრის შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ სომხური მხარე ჩამოაყალიბებს სამუშაო ჯგუფს სამშვიდობო შეთანხმების მოსამზადებლად.
„ეს არის პირველი შეხვედრა მინისტრებს შორის და ვიმედოვნებთ, მას ექნება შედეგები, რადგან მე რამდენჯერმე შევხვდი სომხეთის პრემიერ-მინისტრს. ერთმანეთს შეხვდნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა არ ყოფილა, ეს მათი პირველი შეხვედრაა. თუმცა განსახილველი საკითხები უკვე მოლაპარაკებების მაგიდაზეა.
მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრის კარგი შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ სომხური მხარე ჩამოაყალიბებს სამუშაო ჯგუფს, რადგან აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე შექმნა სამუშაო ჯგუფი სამშვიდობო შეთანხმების მოსამზადებლად. განსაზღვრული არიან ამ ჯგუფში წარმოდგენილი წევრები. სომხეთის მხრიდან ასეთი ნაბიჯი ჯერ არ გადადგმულა. მიმაჩნია, რომ ეს შეიძლება გახდეს კარგი შედეგი, შესაძლებელია სხვა საკითხების განხილვა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.