ილჰამ ალიევი - იმედია, მომავალ წელს დავასრულებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოში მდებარე მონაკვეთის გაფართოებას
იმედია, მომავალ წელს დავასრულებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოში მდებარე მონაკვეთის გაფართოებას, – ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბერლინში წამყვანი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე გააკეთა.
„აზერბაიჯანი ამჟამად ინვესტიციას აბანდებს ბაქო-თბილისი-ყარსის ერთ-ერთი ვიწრო მონაკვეთის გაფართოებაში – ეს საქართველოში მდებარე მონაკვეთია. შედეგად, ტვირთის გამტარუნარიანობა გაფართოვდება ერთი მილიონი ტონიდან ხუთ მილიონ ტონამდე. დამატებითი ინვესტიცია აზერბაიჯანის მხრიდან შეადგენს 120 მილიონ დოლარს. იმედია, ამ სამუშაოს მომავალ წელს დავასრულებთ“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ასევე მუშაობს ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და საბაჟოს სისტემების ინტეგრაციაზე.
„რამდენიმე დღეში ბაქოში ჩამოვა მსოფლიო საბაჟო კავშირის ორგანიზაციის დირექტორი და ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ, გახლავთ ის, თუ როგორ შეუძლია მსოფლიო საბაჟო კავშირის ორგანიზაციას, დაგვეხმაროს, რათა მოვახდინოთ კოორდინაცია ცენტრალურ აზიას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის. ინტეგრირებულ მარშრუტს რომ მივაღწიოთ, აუცილებელია ერთიანი მიდგომა ტარიფების მიმართ. ერთი ქვეყანა, მაგალითად, აზერბაიჯანი, თუ შეამცირებს ტარიფს და მეორე არ შეამცირებს ან გააძვირებს, მაშინ ეს არ იმუშავებს“, – განაცხადა ალიევმა.