ილჰამ ალიევი - გუშინ ჩვენი ტერიტორიების არც ერთი სანტიმეტრი არ დავუთმეთ მტერს, სომხეთის მთავრობის ქმედება არ ჯდება ლოგიკაში და თავად სომხეთისთვის წარმოადგენს საფრთხეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ პროვოკაციაზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის მთავრობას აკისრებს.
„გუშინ სომეხმა სამხედროებმა საზღვარზე აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. ეს სომხური მხარის მორიგი პროვოკაციაა. ეს იყო ჩვენს პოზიციებზე განხორციელებული მოულოდნელი თავდასხმა, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ჩვენი სამხედროები, მაგრამ ეს თავდასხმა აღვკვეთეთ და ადეკვატური პასუხი გავეცით. შური ვიძიეთ ჩვენი დაღუპული სამხედროებისთვის. დღეს საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია“, – განაცხადა ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ პროვოკაციაზე პასუხიმგებლობა სრულად ეკისრება სომხეთის სამხედრო – პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.
„აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიული მთლიანობას დაიცავს, გუშინ ჩვენი ტერიტორიების არც ერთი სანტიმეტრი არ დავუთმეთ მტერს. სომხეთის მთავრობის ეს ქმედება არ ჯდება ლოგიკაში და თავად სომხეთისთვის წარმოადგენს საფრთხეს“, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაციას უკვე მიაწოდეს.
ალიევის თქმით, პირველივე შესაძლებლობისთანავე, აზერბაიჯანი უცხოელ სამხედროებს მოიწვევს, რათა ისინი დარწმუნდნენ, ვინ დაიწყო პროვოკაცია.