ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა და ევროკავშირის მხარდაჭერა
გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. პროექტის წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პროექტს ევროკავშირმა უკვე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა.
„მრავალი წელია, აზერბაიჯანის კომპანია „სოკარი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და გუშინ რა ინფორმაციაც მივიღე, იმის თანახმად, 11 000 მეტრის მილსადენი არის ოპერირებაში, აწვდის გაზს 800 000 მომხმარებელს, აბონენტს საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მეტს გავაკეთებთ ენერგომიმართულებით. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს და თებერვალში პირველი სამეურვეო კომიტეტის სხდომა ჩატარდა ბაქოში. ეს არის მასშტაბური პროექტი და მისი წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა ოთხივე ქვეყნიდან და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელმაც უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ამ პროექტს. შემთხვევითი არ არის, რომ ევროკავშირი და ევროკომისიის პრეზიდენტი მონაწილეობდა ხელმოწერის ცერემონიალში“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს გასული წლის 17 დეკემბერს მოაწერეს ხელი.