ილჰამ ალიევი - ფაქტორი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს, პოლიტიკური სტაბილურობაა, დღეს ომები ფართოდ გავრცელდა, ჩვენს ქვეყნებში სიმშვიდე სუფევს, რაც ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხების დიდი მიღწევაა
ფაქტორი, რომელიც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს, ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა, რომლის გარეშე ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ცენტრალური აზიის ეკონომიკებისთვის გაერო-ს სპეციალური პროგრამის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ალიევის თქმით, როდესაც მსოფლიოს არაერთ რეგიონში კონფლიქტები და ომებია, რეგიონის ქვეყნებში მშვიდობა და სტაბილურობაა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა.
„როდესაც გაერო-ს პროგრამა შეიქმნა, წევრი ქვეყნები დგამდნენ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს. ბევრი პრობლემა და გამოწვევა იდგა ჩვენ წინაშე. ბოლო 25 წლის განმავლობაში მთავარი გამოწვევები უკან დარჩა, ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტი, გავხდით საერთაშორისო სამყაროს ღირებული წევრები და სწრაფად განვვითარდით ეკონომიკურად. არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა. სტაბილურობის გარეშე ეკონომიკური განვითარება არ შეიძლება. დღეს ომები, კონფლიქტები და სისხლიანი შეტაკებები ფართოდ გავრცელდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენს ქვეყნებში მშვიდობა, სტაბილურობა და სიმშვიდე სუფევს, განვითარებისა და სამშენებლო პროცესები წარმატებით მიმდინარეობს. ეს ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხების დიდი მიღწევა და წარმატებაა. გაერო-ს პროგრამის კვირეულის განმავლობაში ბაქოში ორგანიზებული ეკონომიკური ფორუმი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის საქმიანი ურთიერთობების განვითარებას. Baku Expo Center-ში მოწყობილი გამოფენა ნათლად აჩვენებს ჩვენი ქვეყნების პროგრესს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.