ილჰამ ალიევი - ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები დღეს მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგიის სფეროში გრძელვადიანი, სანდო თანამშრომლობა დიდი აქტივია
ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი, პროგნოზირებადი, სანდო თანამშრომლობა ენერგიის სფეროში არის დიდი აქტივი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ილჰამ ალიევის განმარტებით, ენერგეტიკულ სფეროში ევროკავშირთან მათი აქტიური თანამშრომლობა 50 წელს ითვლის.
„დღეს გვქონდა კარგი განხილვები ორმხრივი ინტერესის სხვადასხვა საკითხზე. ჩვენ შევეხეთ ყველა საკითხს, რომელიც დღის წესრიგში გვაქვს. გვქონდა ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია. ენერგეტიკულ სფეროში ჩვენი აქტიური თანამშრომლობა 50 წელს ითვლის. ჩვენ გვაქვს კარგი ისტორია და მიღწევები. აზერბაიჯანის მიერ ინიცირებული ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც მხარს უჭერენ ევროკავშირი და სხვა პარტნიორები, სრულიად ცვლიან ევროპის ენერგეტიკულ რუკას. ჩვენ დავიწყეთ ნავთობის წარმოებით, შემდეგ გაზის წარმოებით და ნავთობსადენის მშენებლობით, რომელმაც კასპიის ზღვა დააკავშირა შავ და ხმელთაშუა ზღვებთან. ასევე, 3 500 კილომეტრის სიგრძის სამხრეთ გაზის დერეფანი, რომლითაც ჩვენი გაზი მიეწოდება ევროპის კონტინენტს.
ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და გრძელვადიანი, პროგნოზირებადი, სანდო თანამშრომლობა ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგიის სფეროში არის დიდი აქტივი. მიმდინარე წელს ჩვენ დავიწყეთ ენერგეტიკული დიალოგი ევროკავშირთან, რომელიც ფარავს ბევრ სფეროს, მათ შორის ნავთობს, გაზს, განახლებად და ჰიდროგენულ ენერგიას. აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის დიდი პოტენციალი ასევე გათვალისწინებულია ევროკავშირის მიერ. ჩვენ უკვე დავიწყეთ საინვესტიციო პროექტების განხორციელება ქარის და მზის ენერგიაში, ჩვენ უკვე გავაკეთეთ პირველი შეფასებები ჩვენი პოტენციალის შესახებ. მსურს, ვთქვა, რომ ყარაბაღის გათავისუფლებულ ტერიტორიებს და აღმოსავლეთ ზანგეზურს აქვს ქარის და მზის ენერგიის პოტენციალი. ჩვენ გვაქვს რესურსების უზარმაზარი ბაზა, ამას ემატება გაზის ახალი საბადოები, რომელსაც ავითვისებთ უახლოეს წლებში. ჩვენ გვაქვს ძალიან მომგებიანი სიტუაცია, რომელიც შექმნილია ჩვენი ძალისხმევით, რომელსაც მხარს უჭერდა ევროკავშირი და დღევანდელი მემორანდუმი არის საგზაო რუკა მომავლისთვის. ჩვენი გეგმების განხორციელება გაზრდის საერთო ბრუნვას ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ და დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანის და ევროკავშირის თანამშრომლობას ექნება დიდი მომავალი და მივაღწევთ ყველაფერს, რაც დავგეგმეთ“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.