ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ დადგა დრო, სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე მუშაობა დაიწყოს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, დადგა დრო, სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე მუშაობა დაიწყოს. ამის შესახებ ალიევმა ზანგილანში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც 20 სექტემბერს მოხდა, დადგა დრო, სამუშაო ჯგუფებმა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან იმუშაონ სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე. ვფიქრობ, 20 სექტემბრის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანმა აღადგინა სუვერენიტეტი, უფრო მარტივი იქნება გადაწყვეტილებების პოვნა და სამშვიდობო შეთანხმებაზე რაც შეიძლება მალე ხელმოწერა. ამის შემდეგ ან პარალელურად აქტიურად ვიმუშაოთ საზღვრების დელიმიტაციაზე და დავასრულოთ ხანგრძლივი დაპირისპირება“, – განაცხადა ალიევმა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანს კავკასიაში მშვიდობა სურს, რომლის მიღწევაც შესაძლებელია. „არჩევანი ახლა სომხეთმა უნდა გააკეთოს“, – აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ ყარაბაღის სომხური მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები დაცული იყოს.
„სეპარატიზმი ჩვენს მიწაზე დასრულდა. ჩვენს მიწაზე აღარ არის არავითარი „ნაცრისფერი ზონები, უკანონო ობიექტები, არავითარი სეპარატიზმი. ვფიქრობ, აზერბაიჯანის ძლიერი პოლიტიკური ნება, აზერბაიჯანელი ხალხის ერთობა, ასევე, იმის დემონსტრირებაც, რომ აზერბაიჯანი მზადაა მშვიდობისთვის სომხეთთან, არის კარგი სიგნალი ყველასთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს რევანშზე. მათ ამაზე უარი უნდა თქვან“, – განაცხადა ალიევმა.