ილჰამ ალიევი - ჩვენი კავშირები მოიცავს მრავალ მიმართულებას, თავდაცვას, განათლებას, ტურიზმს, ვაჭრობის გააქტიურებას და, დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ამაში კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს
ჩვენი კავშირები მოიცავს მრავალ მიმართულებას, თავდაცვას, განათლებას, ტურიზმს, ვაჭრობის გააქტიურებას და, დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ამაში კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ტრანსპორტი. ალიევის განცხადებით, ყველაფერი გეგმის მიხედვით, ძალიან წარმატებით მიმდინარეობს.
„შუა დერეფანში აზერბაიჯანი და საქართველო ძალიან აქტიურები ვართ და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა, ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს, რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი, რათა სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად, მოვიზიდოთ გადამზიდავები, ახალი მოცულობები.
დღეს ამ საკითხზე დეტალურად ვისაუბრეთ და გავაგრძელებთ საუბარს მომავალშიც. ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობა კიდევ უფრო ფართოა. ჩვენი კავშირები მოიცავს მრავალ მიმართულებას – თავდაცვას, განათლებას, კულტურას, ტურიზმს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობის გააქტიურებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ამაში კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს. ძალიან დიდი მადლობა და მოგესალმებით აზერბაიჯანში, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.