ილჰამ ალიევი - ჩვენ უზრუნველვყავით მჭიდრო კავშირები რეგიონის ქვეყნებთან, რამაც საშუალება მოგვცა, გადაგვეჭრა ეკონომიკური პრობლემების უდიდესი ნაწილი
ჩვენ ავირჩიეთ დე ფაქტო, ასევე დე იურე დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, თვითკმარი ეკონომიკა, ეფექტური თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც მზად არიან, ჩვენთან ითანამშრომლონ, ჩვენ შიდა პოტენციალს ვეყრდნობოდით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, შუშის მეორე გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სახეზეა ისტორიული ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში, სადაც ისტორიული და გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება.
„ჩვენ უზრუნველვყავით მჭიდრო კავშირები რეგიონის ქვეყნებთან, რამაც საშუალება მოგვცა, გადაგვეჭრა ეკონომიკური პრობლემების უდიდესი ნაწილი. ჩვენ ვიმუშავეთ საკუთარ თავზე, ფოკუსირებული ვიყავით ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და უგულებელვყავით ჭორები, ასევე ევროპარლამენტიდან ან ევროსაბჭოდან მომდინარე განცხადებები. ტრადიციული ალიანსები გარკვეულწილად შესუსტდა და თანამშრომლობის ახალი ფორმატები გაჩნდა“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა სომხეთთან ურთიერთობებზე და თქვა, რომ სომხეთთან ნორმალიზების პროცესში პროგრესი შეინიშნება.
„რაც შეეხება სამშვიდობო შეთანხმებას, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ტექსტის 80-90 პროცენტი უკვე შეთანხმებულია. სომხეთი იძულებული გახდა, მისგან ამოეღო დებულება და ტერმინოლოგია, რამაც გზა გაუხსნა ნორმალიზაციის პროცესის შემდგომ განვითარებას. ამ დროისთვის ორი კითხვა ღია რჩება, პირველ რიგში, სომხეთმა დადებითად უნდა უპასუხოს ჩვენს წინადადებას; მეორე, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივად უნდა მიმართონ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის დაშლის მოთხოვნით, რადგან ეს ჯგუფი, ფაქტობრივად, უმოქმედოა ბოლო ორი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.