ილჰამ ალიევი - ჩვენ მიერ ინიცირებულმა პროექტებმა რეგიონის ენერგეტიკული რუკა შეცვალა
ეკონომიკის დივერსიფიცირება არის ჩვენი მთავარი მიზანი და ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ. როდესაც ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის წინაშე აღმოვჩნდით, მე ვთქვი, რომ ჩვენთვის დაიწყო ნავთობის შემდგომი პერიოდი და უნდა დავივიწყოთ ნავთობი და გაზი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, მიმდინარე პროექტები უნდა დასრულდეს, თუმცა შემოსავლის ძირითად წყაროდ განხილული უნდა იყოს ტექნოლოგიები, ინოვაციები, ინდუსტრია, მეწარმეობა და სოფლის მეურნეობა.
„ჩვენ დავიწყეთ სერიოზული რეფორმები, რომლებსაც უკვე კარგი შედეგები მოაქვს. გასულ წელს ჩვენი ეკონომიკის არასანავთობო სექტორი თითქმის სამი პროცენტით გაიზარდა. დივერსიფიცირების პროცესი დაწყებულია და ჩვენ არ ვაპირებთ მის შეჩერებას. ახლა ნავთობის ფასმა აიწია, თუმცა ჩვენ ამით მხოლოდ გავზარდეთ ჩვენი რეზერვები. ჩვენ შევძელით ხარჯების ოპტიმიზაცია“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ილჰამ ალიევის თქმით, ამავე დროს აზერბაიჯანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ნავთობი და გაზი კვლავ იქნება ეკონომიკის მთავარი ნაწილი.
მან მნიშვნელოვან ენერგოპროექტებზეც ისაუბრა.
„ჩვენ მიერ ინიცირებულმა პროექტებმა შეცვალა რეგიონის ენერგეტიკული რუკა. პირველი მილსადენი ჩვენ ავაშენეთ საქართველოს პორტ სუფსამდე, რითიც შავი და კასპიის ზღვა დავაკავშირეთ. მეორე მილსადენი იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, რომელმაც კასპიის ზღვა ხმელთაშუა ზღვას დაუკავშირა. ამავე მარშრუტით ჩვენ ავაშენეთ გაზსადენი და მარშრუტების დივერსიფიცირება განვახორციელეთ და ამავე დროს ჩვენი პარტნიორების, მათ შორის ევროპული ქვეყნების, მდგრადი ენერგოუსაფრთხოება უზრუნველვყავით. ევროკავშირის ზოგი ქვეყანა ნავთობის დიდ ნაწილს აზერბაიჯანისგან იღებს და როდესაც სამ წელში წარმატებით დავასრულებთ სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტს, მათ ექნებათ წვდომა აზერბაიჯანულ ბუნებრივ გაზზეც. იგივე შემიძლია ვთქვა ჩვენს სატრანსპორტო პროექტებზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა აღნიშნა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ შეცვალა რეგიონის სატრანსპორტო რუკა. ეს არის უმოკლესი გზა ჩინეთიდან ევროპამდე, რომლის გავლასაც სჭირდება ორი კვირა, 30-35 დღის ნაცვლად“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.