ილჰამ ალიევი - ცეცხლის შეწყვეტა არ შეიძლება, მიღწეული იყოს ცალმხრივად, ეს უნდა იყოს ორმხრივი გადაწყვეტილება
ცეცხლის შეწყვეტა არ შეიძლება, მიღწეული იყოს ცალმხრივად, ეს უნდა იყოს ორმხრივი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტელეკომპანია „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ზუსტად ერთი წლის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა „აზერბაიჯანის ოკუპირებულ მიწაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ყარაბაღი სომხეთია და ამან მოლაპარაკების პროცესი დაანგრია“.
„ისინი უგულებელყოფენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებიც ითხოვს სომხეთის ჯარის სრულ, დაუყონებლივ და უპირობო გაყვანას. მათ სტატუს კვოს შენარჩუნება სურთ. ზუსტად ერთი წლის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის ოკუპირებულ მიწაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ყარაბაღი სომხეთია და ამან მოლაპარაკების პროცესი დაანგრია. ამის შემდეგ მათ ჩვენზე სამჯერ განახორციელეს თავდასხმა – ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში. როდესაც ჩვენ მათ ბრძოლის ველზე შევუტიეთ, ისინი ყველგან რეკავენ და ყველას ეუბნებიან – „შეაჩერეთ აზერბაიჯანი“. ჩვენ გვსურს გაჩერება, მაგრამ გვსურს, რომ ოკუპაცია დასრულდეს. მაშასადამე, მთავარი გზავნილი უნდა გაკეთდეს სომხეთის მისამართით. ჩვენ არ ვართ სომხეთის მიწაზე, ჩვენს მიწაზე ვართ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.