ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმების საუკეთესო გზა პირდაპირი მოლაპარაკებებია, ყოველგვარი შუამავლებისა და დაბრკოლებების გარეშე
შეთანხმების მიღწევის საუკეთესო გზა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებია, ყოველგვარი შუამავლების, ფასილიტატორებისა და დაბრკოლებების გარეშე. როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ შუშაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები იქნება უფრო სასარგებლო და საჭირო. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა ამ მიმართულებით, თუ, რა თქმა უნდა, სომხეთი ასევე მზად არის ამისთვის“, – განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.
ილჰამ ალიევის ცნობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მიმდინარე თვეში რუსეთშია დაგეგმილი.
შეგახსენებთ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიხუნ ბაირამოვი აშშ-ში იმყოფებიან, სადაც მათ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შუამავლობით პირველ მაისს შეხვედრა გამართეს. მათ მოლაპარაკებები გამართეს სამმხრივ ფორმატში, რის შემდეგაც არარატ მირზოიანსა და ჯეხუნ ბაირამოვს შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენის მონაწილეობით აშშ-ში აზერბაიჯანისა და სომხეთის მინისტრების მოლაპარაკებების დასკვნითი რაუნდი დღეს გაიმართება.