ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენას ბევრი დადებითი შედეგი ექნება ისეთი კონფლიქტების დარეგულირებისთვის, რომლებიც მოუგვარებელი ჩანს
აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენას დადებითი შედეგები ექნება კონფლიქტების დარეგულირებისთვის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოს მე-11 გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცვლილებები შეიძლება ლოკალური ჩანდეს, თუმცა სინამდვილეში მათ ბევრად უფრო ფართო შედეგები აქვთ, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავარი გეოპოლიტიკური ცვლილება გახდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენა.
„ეს ნამდვილად არის ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილება, რომელსაც, როგორც მე ვფიქრობ, ექნება ბევრი დადებითი შედეგი ისეთი კონფლიქტების მოსაგვარებლად, რომლებიც მოუგვარებელი ჩანს“, – განაცხადა მან.
ამასთან, ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან მშვიდობასთან ისე ახლოს არის, როგორც არასდროს.
„სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობის ისტორიაში მშვიდობა ასე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც დღეს. ეს არის ყარაბაღის მეორე ომის შედეგი“, – აღნიშნა ალიევმა.
წელს ბაქოს გლობალური ფორუმის თემაა „დაშლილი მსოფლიოს აღდგენა“.