ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი საქართველოში უმსხვილესი ინვესტორია, რაც საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო კლიმატზე მიუთითებს
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით კი, აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა, რაც თქვენს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო საინვესტიციო კლიმატზე მიუთითებს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას და ორმხრივი ურთიერთობების მაღალ დონეს გაუსვა ხაზი.
„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზერბაიჯანში. დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ჩვენ სხვადასხვა სფეროში წარმატებით ვთანამშრომლობთ. მოხარული ვარ, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება, აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში. ჩვენ 2012 წლიდან ვინარჩუნებთ ამ პოზიციას. ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენს ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო კლიმატია. ასევე, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები მაღალ დონეზეა. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს გლობალური მნიშვნელობის მრავალი პროექტი, მათ შორის ერთ-ერთია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომელიც ოქტომბერში ჩვენ საზეიმოდ გავხსენით. წელს კი სამხრეთის გაზის კორიდორის, TANAP-ის პროექტის რეალიზაცია ჩვენს თანამშრომლობას უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. ჩვენი თანამშრომლობა არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზე წარმატებით ვითარდება და ამ წარმატებულ ნაბიჯებს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი მეგობრობა და ძმობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს შორის არსებული ეს თბილი ურთიერთობები მომავალშიც მოემსახურება ჩვენი ხალხების კეთილდღეობას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“, – მიმართა ილჰამ ალიევმა გიორგი კვირიკაშვილს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.
„აზერბაიჯანში ვიზიტი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობები აღმავლობის გზაზეა. გასული წელი ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში განსაკუთრებული ზრდით აღინიშნა. აზერბაიჯანი არის საქართველოს პირველი საინვესტიციო პარტნიორი. დამატებით მინდა ვთქვა, რომ სულ ახლახან გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, აზერბაიჯანი ვიზიტორების მხრივაც პირველ ადგილზეა, რაც ძალიან გვახარებს. სტრატეგიული პროექტები, რომლებიც თქვენ ახსენეთ – ბაქო თბილისი-ყარსის პროექტი, სამხრეთის გაზის კორიდორის პროექტი რომელიც შემდგომ ტრანსანატოლიური და ტრანსადრიატიკული გაზსადენით ევროპას უკავშირდება, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა, როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული ფორმატები პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით. გლობალურ ფორმატებში საქართველო ყოველთვის მხარს უჭერს აზერბაიჯანის პოზიციებს და ეს ბუნებრივია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე. მინდა, ასევე მოგილოცოთ პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე. ეს, საქართველოსთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მას ღირსეულად აღვნიშნავთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა „ზაგულბას“ სასახლეში გაიმართა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.