ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდნენ, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყნები აპირებენ, ევროპაში მწვანე ენერგიის სანდო მიმწოდებლები გახდნენ
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდნენ, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყნები აპირებენ, ევროპაში მწვანე ენერგიის სანდო მიმწოდებლები გახდნენ

აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდნენ, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყნები აპირებენ, ევროპაში მწვანე ენერგიის სანდო მიმწოდებლები გახდნენ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ მონაწილეობს.

ალიევის შეფასებით, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმება იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, მწვანე ენერგიის დერეფნის განვითარების კუთხით.

„ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რომელსაც დღეს ხელს ვაწერთ, იქნება ძალიან დიდი წვლილი ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში, წინ გადადგმული ნაბიჯი მწვანე ენერგიის დერეფნის განვითარების კუთხით. მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, მისი უწყვეტი მხარდაჭერისთვის აზერბაიჯანის მიმართ, ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდივერსიფიკაციის პროექტების თაობაზე. წელს, ივლისში ქალბატონ ურსულას ვიზიტი აზერბაიჯანში აღინიშნა ურთიერთგაგებისა და შეთანხმების მემორანდუმის ხელმოწერით, აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგოუსაფრთხოების სფეროში. ამ დოკუმენტის განხორციელება უკვე დაიწყო. გასულ წელს ჩვენი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე იყო 8.2 მილიარდი კუბური მეტრი ენერგია, წელს – 11.3 მილიარდი, მომავალ წელს კი, სულ მცირე, 11. 6 მილიარდი იქნება. მომავალ წელს ბუნებრივი აირის ჯამური ექსპორტი თითქმის 24 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, შესადარებლად მინდა ვთქვა, რომ 2021 წელს 19 მილიარდი იყო. გუშინ „სოკარმა“ და „რომგაზმა“ ხელი მოაწერეს კონტრაქტს ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე აზერბაიჯანიდან რუმინეთში, რომელიც მომდევნო წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება. აზერბაიჯანი აფართოებს თავის გეოგრაფიულ არეალს ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით, ევროპის მიმართ. ეს არის ორივე მხარისთვის მომგებიანი პოზიცია, ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი ენერგოუსაფრთხოება, აზერბაიჯანმა კი უნდა მოიპოვოს უსაფრთხო ბაზარი გასაღებისთვის“, – აღნიშნა ალიევმა.

ამასთან, როგორც ალიევმა განაცხადა, შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნები აპირებენ, ევროპაში მწვანე ენერგიის სანდო მიმწოდებლები გახდნენ.

„დღეს ვიწყებთ კიდევ ერთი ენერგეტიკული ხიდის მშენებლობას აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით, ჩვენი ქვეყნები აპირებენ, რომ სანდო მიმწოდებლები გახდნენ ევროპის მიმართ და ეს ძირითადად ეხება მწვანე ენერგიას. აზერბაიჯანის განახლებადი ენერგოპოტენციალი 27 გეგავატზე მეტია, ეს არის მზის და ჰიდრო, ასევე ქარის ენერგია კასპიის ზღვიდან. ჩვენ, სტრატეგიული პარტნიორები, ერთად ვაპირებთ, რომ სამი გეგავატიანი ქარის და  ერთი გეგავატიანი მზის ენერგია 2027 წლისთვის გამოვიმუშაოთ, 2027 წლისთვის ვაპირებთ, რომ ექსპორტზე დამატებითი წარმადობა შევქმნათ, თითქმის ექვსი გეგავატის ოდენობით. ერთ-ერთი კომპანია აპირებს 10-გეგავატიანი მწვანე ენერგიის წარმოებაში განახორციელოს კაპიტალდაბანდება. ორი დღის წინ აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ ხელი მოაწერა ჩარჩო შეთანხმებას კიდევ ერთ გლობალურ კომპანიასთან, ეს კომპანია აპირებს კაპიტალდაბანდება განახორციელოს 12 გეგავატი ქარის და მზის ენერგიის გამომუშავებაში აზერბაიჯანში. ამიტომ მინიმუმ სამი გეგავატი მიწოდების წარმადობა შეიქმნება აზერბაიჯანული ექსპორტის პირველ ფაზაში. იმისთვის, რომ ეს მიზნები დაკმაყოფილდეს, ქმედითად უნდა ვიმუშაოთ. აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდნენ და მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროკავშირთან. მე ყველა ჩვენგანს წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა ალიევმა.

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.