ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი, რომელიც მდიდარია როგორც ენერგიის ტრადიციული, ისე განახლებადი წყაროებით, მომავალშიც იქნება ევროპის მნიშვნელოვანი პარტნიორი
აზერბაიჯანი, რომელიც მდიდარია როგორც ენერგიის ტრადიციული, ისე განახლებადი წყაროებით, მომავალშიც იქნება ევროპის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ამის შესახებ ბერლინში გერმანიის კანცლერთან შეხვედრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
ალიევმა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„ევროპაში იზრდება მოთხოვნა ბუნებრივ აირზე ახალი წყაროებიდან. თუ 2021 წელს ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებს რვა მილიარდი კუბური მეტრი გაზი მივაწოდეთ, მიმდინარე წელს ამ რიცხვმა 12 მილიარდს მიაღწია. ჩვენ დამატებით ინვესტიციებს ვდებთ და დამატებით სახსრებს გამოვყოფთ ამ საკითხში ევროპული ქვეყნების მხარდასაჭერად. ამგვარად, აზერბაიჯანი, რომელიც მდიდარია როგორც ენერგიის ტრადიციული, ისე განახლებადი წყაროებით, მომავალშიც იქნება ევროპის მნიშვნელოვანი პარტნიორი“, – აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, 2027 წლამდე აზერბაიჯანი გეგმავს მზისა და ქარის ცხრა ელექტროსადგურის ამუშავებას, 2030 წლისთვის კი კიდევ 10 აშენდება.
„ამჟამად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ევროპაში მწვანე ენერგიის ექსპორტზე. მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანი, რომელიც არის ბუნებრივი აირის მიმწოდებელი, გახდება ევროპაში მწვანე ენერგიის მიმწოდებელიც“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
რაც შეეხება რეგიონული უსაფრთხოების საკითხს, ალიევის თქმით, ბაქო დიდად აფასებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
„დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროცესის შედეგად დაიწყო საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია. ჩვენ დაგვიბრუნდა ოთხი აზერბაიჯანული სოფელი, რომლებიც 1990 და 1992 წლებში იყო ოკუპირებული. ასევე, უნდა ვთქვა, რომ დღეს, დილით მუშაობა შეაჩერა აზერბაიჯანში მდებარე რუსეთ-თურქეთის ერთობლივმა მონიტორინგის ცენტრმა. ამის საჭიროება უკვე აღარ არსებობს. შესაბამისად არის მშვიდობის მისაღწევად ძალიან კარგი შესაძლებლობები. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ქვეყნებთან, რომლებსაც სურთ, ხელი შეგვიწყონ ამ საკითხში. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში გადაიდგმება პოზიტიური ნაბიჯები ამ მიმართულებითაც. ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას ამ სფეროში და მადლობელი ვართ ამისთვის“, – აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა.