ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ თანახმაა, სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ყაზახეთში გაიმართოს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ თანახმაა, სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ყაზახეთში გაიმართოს.
ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და ყაზახეთის ლიდერს შორის გამართული სატელეფნო საუბრის შემდეგ, ილჰამ ალიევის პრესსამსახურის მიერ გავრცებულ განცხადებაში.
„ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასტანა მზადაა, შეასრულოს პლატფორმის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისთვის. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს წინადადება მისაღებია აზერბაიჯანისთვის“, – ნათქვამია პრესრელიზში.
თავის მხრივ, დღესვე ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ განცხადება გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების 13 მუხლი შეთანხმებულია.
„სამშვიდობო შეთანხმების პროექტის 13 მუხლი და შესავალი სრულადაა შეთანხმებული, სამი მუხლი ნაწილობრივ არის შეთანხმებული, ეს მუხლები სულ ორი წინადადებისგან შედგება. ჩვენი წინადადებაა, რომ შეთანხმებულ მუხლებს რაც შეიძლება სწრაფად მოვაწეროთ ხელი“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე განმარტებით, შეთანხმებული მუხლები ითვალისწინებს წინადადებას „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“.
ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო კომუნიკაციების უსაფრთხოება სომხურმა მხარემ უნდა დაიცვას.