ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანს ათზე მეტმა ქვეყანამ გაზის მიწოდების გაზრდის ან დაწყების თხოვნით მიმართა
რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანს ათზე მეტმა ქვეყანამ გაზის მიწოდების გაზრდის ან დაწყების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ამჟამად განვიხილავთ ამ განაცხადებს. ახლა არ გვაქვს გაზის საკმარისი მოცულობა, რათა ყველა მათგანი დავაკმაყოფილოთ, ამიტომ ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ კომერციული მოლაპარაკებები, უმთავრესად, ქვეყნებთან, რომლებიც იღებენ აზერბაიჯანულ გაზს, რადგან მილსადენები უკვე ფუნქციონირებს და აუცილებელი სამართლებრივი ბაზა არსებობს“, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გაზის მიწოდების გეოგრაფიის გაფართოების გეგმაზე ისაუბრა.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ინტერკონექტორების მშენებლობასთან დაკავშირებით ევროპულ ინიციატივებს. ერთ-ერთი მათგანის მშენებლობას, საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის, ოქტომბერში, სოფიაში ჩაეყარა საფუძველი, რასაც მეც ვესწრებოდი. მათგან მეორე, ბულგარეთსა და სერბეთს შორის მზად იქნება მომავალ წელს. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ ალბანეთის მთავრობასთან, ალბანეთის გაზის გამანაწილებელ ქსელში ინვესტიციების საკითხზე, ვინაიდან ასეთი ქსელი ქვეყანაში არ არსებობს. ალბანეთი მხოლოდ ტრანზიტული ქვეყანაა, თუმცა მათაც სჭირდებათ გაზი ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. არსებობს ასევე იონია-ადრიატიკის მილსადენის მშენებლობის პროექტი, რომელიც სამ ბალკანურ ქვეყანას მოიცავს. ამისთვის საჭიროა ყველა მონაწოლის პროცესში ჩართვა, რათა გადადგან საჭირო ნაბიჯები ამ მიმართულებით“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.