ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნა. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემა ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.
სიტყვით გამოსვლისას ალიევმა განაცხადა, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში ახალი სიტუაცია შეიქმნა და ბაქო გამოვიდა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ინიციატივით. მან ასევე მხარი დაუჭირა თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის საერთო პლატფორმაც, რათა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი. მისივე თქმით, ამ პლატფორმაზე შეიძლება განიხილებოდეს ასევე ენერგეტიკის, კომუნიკაციების საკითხები და სხვა პრობლემები, რომლებიც საერთო ინტერესში შედის.