ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ლაჩინის დერეფანი ღიაა და ბლოკადა არ არსებობს
ლაჩინის დერეფანი ღიაა და არ არსებობს ბლოკადა, ჩვენი აქტივისტები სამოქალაქო საზოგადოებიდან მივიდნენ გამშვებ პუნქტთან, ნახეს 2 500 ავტომობილი, მათ შორის სატვირთო, რუსეთის სამხედროები და წითელი ჯვრის წარმომადგენლები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე – „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ განაცხადა.
ილჰამ ალიევს პანელურ დისკუსიაზე კითხვა დაუსვეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ ლაჩინის დერეფანი დაკეტილია და მთიან ყარაბაღში არის ჰუმანიტარული, ენერგეტიკული და ბუნებრივი აირის კრიზისი.
როგორც ალიევმა აღნიშნა, „ათასზე მეტი პაციენტი გაიყვანა წითელმა ჯვარმა მკურნალობისთვის სომხეთში. როგორ შეიძლება, ასეთ მოძრავ სიტუაციას ვუწოდოთ ბლოკადა, როცა გზა ღიაა“.
„ჩვენს პარტნიორებთან შევთანხმდით, რომ დისკუსია გვექნება ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებაზე, სომეხი უმცირესობების მიმართ. მე მზად ვარ ამისთვის, თუმცა იმ ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან, რომლებიც დაიბადნენ, ცხოვრობდნენ და დღემდე ცხოვრობენ ყარაბაღში და არა იმათთან, ვინც ექსპორტირებულ იქნა რუსეთიდან ყარაბაღში, რათა წამყვანი პოზიცია ჰქონოდათ ყარაბაღში. ექსპორტირებული ალბათ ცუდი სიტყვაა ამ შემთხვევაში, კონტრაბანდირებული, ანუ ეს ექსპორტი ნაკლებად იყო, უფრო ხალხის კონტრაბანდა იყო. შემოაპარეს და ეს ხალხი ცდილობს, დაბრუნდნენ ერევანში, შემდეგ მოსკოვში და შემდეგ ისევ ერევანში. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ არ არსებობს ბლოკადა. მეორე ფაქტი, რაც ცხადყოფს, რომ მართლა არ არსებობს ეს ბლოკადა: ჩვენი აქტივისტები სამოქალაქო საზოგადოებიდან მივიდნენ გამშვებ პუნქტთან, ნახეს 2 500 ავტომობილი, მათ შორის სატვირთო, რუსეთის სამხედროები და წითელი ჯვრის წარმომადგენლები. ათასზე მეტი პაციენტი გაიყვანა წითელმა ჯვარმა მკურნალობისთვის სომხეთში. როგორ შეიძლება, ასეთ მოძრავ სიტუაციას ვუწოდოთ ბლოკადა, როცა გზა ღიაა. სომხები თუ ყარაბაღში შეეცდებიან, გამოიყენონ ეს გზა, არავინ გააჩერებს მათ. ეს არის მნიშვნელოვანი, ყველამ იცოდეს ფაქტი და რეალობა. ასევე, სწორად რომ შევაფასოთ არსებული მდგომარეობა, უნდა დავბრუნდეთ ისტორიაში“, – განაცხადა ალიევმა.