ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციის - „ნაღმების ზემოქმედების შემცირება გარემოზე, რესურსების მობილიზება უსაფრთხო მომავლისთვის“ მონაწილეებს მიმართა
2020 წლის ომის დასრულებიდან დღემდე, აზერბაიჯანის 361 მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა ნაღმების მოქმედების შედეგად – ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიმართვაში.
მიმართვა გაეგზავნა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს თემაზე „ნაღმების ზემოქმედების შემცირება გარემოზე – რესურსების მობილიზება უსაფრთხო და მწვანე მომავლისთვის“.
ალიევის თქმით, ნაღმების აფეთქებას 68 ადამიანი ემსხვერპლა, 293-მა კი მძიმე დაზიანება მიიღო.
„მთლიანობაში, აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან 3 400-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე, მათ შორის 358 ბავშვი და 38 ქალი დაზარალდა ნაღმებით. ნაღმების მსხვერპლთა რიცხვის ყოველდღიური ზრდის მთავარ მიზეზებს შორისაა სომხეთის უარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნაღმების ზუსტი რუკების მიწოდებაზე. ნაღმ-ხაფანგები დამალულია გზებზე, სასაფლაოებზე და სხვა სამოქალაქო ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობს ყოფილი საკონტაქტო ხაზის უკან. 2020 წლიდან 2023 წლამდე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიქმნა 500 კმ-მდე სიგრძის ახალი დანაღმული ზონები და კვლავ დამონტაჟდა ნაღმები. ამაზე პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, პირველადი შეფასებით, ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 12 პროცენტი დაბინძურებულია 1.5 მილიონი ნაღმით და უცნობი რაოდენობის აუფეთქებელი ჭურვებით.
„გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ განაღმვის კუთხით, ასევე აფერხებს ჩვენს განვითარებასა და აღდგენის მცდელობებს, რაც სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის 800 ათასი ყოფილი დევნილი ადამიანის დაბრუნებას. ამ დროისთვის დაახლოებით 140 ათასი ჰექტარი გაწმენდილია 119 946 ნაღმისა და აუფეთქებელი ჭურვისგან. მიუხედავად ამისა, დანაღმული ტერიტორიები ბევრად აღემატება ამას. ნაღმების ჩადება ადვილია, მაგრამ ნაღმების გაწმენდა გაცილებით რთული პროცესია. მოკლე დროში აზერბაიჯანმა მოახდინა მთელი ძალის მობილიზება და იყენებს მსოფლიოში არსებულ ყველაზე მოწინავე და უახლესი ტექნოლოგიებს. ჩვენ ვახორციელებთ ზომებს ნაღმების გაწმენდის ეფექტურობის გაზრდის მიზნით და ჩვენი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წინა წლებთან შედარებით“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.