ხატია დეკანოიძე - შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, ძალიან მხნედ არის, მალე იქნება თავისუფლებაზე, საქართველოც იქნება თავისუფალი, გარდაუვალია ჩვენი გამარჯვება
რუსთავის ნომერ მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე სიტყვით გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე, რომელმაც მანამდე ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
ხატია დეკანოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და დიდი გამარჯვების მოლოდინში.
„ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მომენტი იყო ის, რომ მე ახლა, ამ საპყრობილეში ვიყავი, შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, თქვენი ხმა ესმოდა, შემოგითვალათ დიდი სიყვარული, ძალიან მხნედ არის, კარგად არის. რაც მთავარია, დიდი რწმენა აქვს საქართველოს გამარჯვების და რეჟიმის დამარცხების. ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რუსული რეჟიმის მიერ დევნილი, არის სირცხვილი ამ ხელისუფლების, არის სირცხვილი სახელმწიფოსი, მაგრამ ძალიან მალე ის იქნება თავისუფლებაზე, საქართველოც იქნება თავისუფალი, გარდაუვალია ჩვენი გამარჯვება. არ არსებობს გამარჯვება თავისუფლებისთვის ბრძოლის გარეშე. რთულია, რისკიანია ეს გზა და მიშას ეს ჰქონდა გაცნობიერებული, მაგრამ ბედნიერია, რომ თავის სამშობლოშია, თქვენი ხმა ესმის და დიდი გამარჯვების მოლოდინით არის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.