კახა კალაძე - საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღეიდან ამოქმედდა სააბონემენტო ულიმიტო სისტემა, რომლის ფარგლებშიც მგზავრისთვის სხვადასხვა პაკეტია შეთავაზებული
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტო ულიმიტო სისტემა დღეიდან ამოქმედდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე უკვე 15 000-მდე აბონემენტი არის გაყიდული.
კახა კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სააბონენტო სისტემის პარალელურად, მგზავრს შესაძლებლობა, აქვს ისარგებლოს „მეტრომანით“, რომელიც მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის საშუალებად იქნება გამოყენებული.
„სააბონემენტო სისტემის შემოღება არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენ 2017 წელს დავიწყეთ. თავიდანვე იყო გაჟღერებული, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმებოდა. დღეიდან უკვე შემოვიდა სააბონემენტო სისტემა, რომელიც მნიშვენელოვანია. 15 000-მდე აბონემენტი არის გაყიდული, თუმცა ეს რიცხვები ყოველდღიურად იცვლება. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა პაკეტი იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად მგზავრობს ადამიანი. ამის მიხედვით არის დათვლილი პაკეტები, შეთავაზებული საზოგადოებისთვის და თავად იღებს გადაწყვეტილებას პირი, რომელი პაკეტი მიიღოს. არ არის აუცილებელი, ჰქონდეს აბონემენტი, „მეტრომანები“ რჩება ძალაში და ერთჯერადი მგზავრობის შესაძლებლობაც აქვთ. ის თანხები, რომელიც მათ „მეტრომანებზე“ ჰქონდათ დარიცხული, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად მომავალშიც შეუძლიათ გამოიყენონ.
მგზავრების 80 პროცენტს, ვინც იყენებდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათ უწევდათ კონკრეტულ მგზავრობაზე მიკროავტობუსით ან ავტობუსით ან მეტროთი 1.30-ის გადახდა. ამ ადამიანებს სააბონემენტო პაკეტებით აქვთ შესაძლებლობა, თვითონვე აირჩიონ, რომელი პაკეტი არის მათთვის მოსახერხებელი. იმ ადამიანებს, რომლებიც სარგებლობდნენ გარკვეული შეღავათებით, 10-20-თეთრიანი ტარიფებით და უფასო მგზავრობით, უწევდათ დამატებით გადახდა 80 თეთრის მიკროავტობუსებში. შესაბამისად, დღეს ის შეღავათები, რაც იყო მეტროზე, ავტობუსზე, რა თქმა უნდა გავრცელდება ამ ადამიანებზეც და ჩვეულებრივად მიკროავტობუსის სარგებლობის შემთხვევაშიც აქვთ საშუალება, გადაიხადოთ 10-20 თეთრი ან იმგზავრონ უფასოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.