ირაკლი ზარქუა - აქციებით ხალხი დაიღალა, ერთხელ წააგეს, ორჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ექვსჯერ, შვიდჯერ, მერვედ და ხომ უნდა მიხვდნენ, რომ საზოგადოება მხარს არ უჭერს
რა დროს აქციებია, ამით ხალხი დაიღალა. ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ერთხელ წააგეს, ორჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ექვსჯერ, შვიდჯერ, მერვეჯერ და ხომ უნდა მიხვდნენ, რომ საზოგადოება მხარს არ უჭერს, როგორც უნდათ, ისე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც ზარქუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მოსახლეობა არ დაუშვებს, რომ მმართველობაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს.
„წარმომადგენლობით ორგანოებში არიან და ხომ უნდა მიხვდნენ, რომ უმრავლესობით ვერ მოვლენ. მნიშვნელობა არ აქვს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იქნება თუ არა, მოსახლეობა არ დაუშვებს, რომ მმართველობაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს. მერვე არჩევნები ისე წააგეს, სადაც ამბობენ, რომ ხარვეზების მიუხედავად, ყველა არჩევნები იყო გამჭვირვალედ ჩატარებული. თავიანთი ხალხი არ ეცოდებათ ან ამდენი რესურსი არ აქვთ, გიგი უგულავა მერი რომ ვერასდროს გახდება, ხომ იციან?“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.