ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება, ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი
ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს უნდა აუხსნან და დაარწმუნონ ვაქცინაციის სიკეთეში.
„ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით. ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება. ეს ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულების რეალური გამოსავალი. აცრა გვიცავს სიკვდილისგან – ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, ოჯახის წევრებს.
ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა არ ემხრომა სავალდებულო ვაქცინაციას. მეტიც, მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში დაწესებულია ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევა. ყველა ადამიანს, მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება, მე როგორც პრემიერ-მინისტრი, უზრუნველვყოფ, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.