იენს სტოლტენბერგი - ბოლო თვეებში ჩვენ არ მიგვიცია უკრაინისთვის ის, რასაც დავპირდით, აშშ-მა დახმარების პაკეტის შეთანხმებაზე ექვსი თვე დახარჯა, ევროკავშირს, რომელიც ერთ მილიონ ჭურვს დაჰპირდა, არაფერი მიუცია
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინას არ აწვდიან იმ დახმარებას, რომელსაც დაჰპირდნენ.
„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ არ მიგვიცია უკრაინისთვის ის, რასაც დავპირდით. აშშ-მა დახმარების ახალი პაკეტის შეთანხმებაზე ექვსი თვე დახარჯა. ევროკავშირს, რომელიც ერთ მილიონ ჭურვს დაჰპირდა, არაფერი მიუცია და ახლოსაც არაა ამ ოდენობასთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის განცხადებით, გერმანიის გარდა, რომელმაც „პეტრიოტის“ დამატებით ერთი სისტემა გადასცა უკრაინას, მოკავშირეებს არ შეუსრულებიათ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებული დაპირებები. მისივე თქმით, ეს „ხარვეზები, შეფერხებები“ კი უკრაინაში გარკვეულ შედეგებს იწვევს და უფრო რთული ხდება უკრაინის ტერიტორიების დაცვა.
„სწორედ ამიტომ, ახლა ბრძოლის ველზე ვითარება რთულია. ვხედავთ შედეგებს, რომლებსაც საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები იწვევს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა.