ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს წარუდგინეს პაკეტი, რაზეც დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში წარადგინა დამუშავებული პაკეტი ეგრეთ წოდებულ მწვანე პასპორტებთან მიმართებით. სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე ამჟამად ძირითადად დისკუსია მიმდინარეობს მწვანე კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით.
„ვაქცინაციასთან დაკავშირებით სავალდებულოება საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა. გუშინ და გუშინწინ კი არ მითქვამს, ყოველ სამშაბათს ვამბობ, რომ მე, როგორც ამირან გამყრელიძე, ვემხრობი ამას. ხშირად მითქვამს, საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის საკოორდინაციო საბჭო, რომ იქ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება, არამედ მიიღება შეთანხმებული გადაწყვეტილებები განხილვისა და კონსენსუსის წესით. გიდასტურებთ, იმუნზაციებში, აცრებში სავალდებულოება არის ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება.
ახლა ძირითადი დისკუსია მიმდინარეობს მწვანე პასპორტებზე, რა ტიპის ჩარჩო იყოს ქვეყანაში შემოღებული. ჩვენ წარვადგინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის პაკეტი, რომელიც უნდა განიხილოს საკოორდინაციო საბჭოს სამდივნომ ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად. შემდეგ მიღებული უნდა იყოს დაბალანსებული გადაწყვეტილება. ხშირად ვამბობ, რომ იმუნიზაციის პროცეში ვინც მიაღწია 50 და 60 პროცენტზე მეტს, ყველგან რაღაც ეტაპზე გარკვეული დამატებითი ბერკეტი შემოიღეს. ჩვენთან ნებაყოფლობითობის ზღვარი იქნება სადღაც 35-27 პროცენტი, მაქსიმუმ 40 პროცენტი, იმის ზემოთ ჩვენ დაგვჭირდება ირიბი მანდატორიზმის მექანიზმების შემოტანა. მწვანე პასპორტის მექანიზმი არ არის მანდატორიზმი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსისა და შეთანხმების საფუძველზე.
„ამირან გამყრელიძე არავის არასდროს არ უპირისპირდება.იცით, მე პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ხანია, არ ვაკეთებ, მით უმეტეს პოლიტიკურ პიროვნებებს და ადამიანებს, რომლებსაც ქართულ პოლიტიკაში ყველაზე წამყვანი ადგილი უკავიათ, არ დავუპირისპირდები. ამტომ ეს თემა მოხსენით, რომ მე ვინმეს ვუპირისპირდები ან ვინმე მიპირისპირდება. საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის კოლეგიალური ორგანო, რომ იქ ყველა თავისუფლად გამოთქვამს თავის მოსაზრებას. მე, როგორც მაქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება, ჩემს გამოცდილებას ვაზიარებ. ეს არის ამირან გამყრელიძის მოსაზრება, ერთი ჩვეულებრივი ექიმის, რომელსაც დღეს ჩვეულებრივი პოზიცია და თანამდებობა უკავია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.