იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „გირჩი“ ცესკო-ს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „გირჩი“ ცესკო-ს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განაცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილთან შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.

როგორც იაგო ხვიჩიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია „გირჩი“ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

„ჩვენ ცესკო-სგან ველოდებით მხარდაჭერას იმ სიგიჟეების დასამთავრებლად, რაც ქვეყნის კანონმდებლობაში ხდება. რომ არა ცესკო-ს დახმარება ამ არჩევნებზე, ბევრ პოლიტიკურ პარტიას სიებიც კი არ ექნებოდა წარდგენილი. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღოთ, 1 500-მდე პოლიტიკოსის პოვნა გჭირდებათ, რაც თავისი შინაარსით აბსურდია. ვერც ერთი პარტია ვერ იპოვის 1 500 პოლიტიკოსს საქართველოში. ჩვენ გვინდა, რომ ეს შეიცვალოს და ბატონმა გიორგიმ მხარდაჭერა აღგვითქვა იმაში, რაც მას შეეხებოდა ამ საკითხთან მიმართებით. თანამოაზრეები ვართ ჯერ კიდევ ზაფხულიდან, როდესაც ამ პრობლემაზე ერთად ვმუშაობდით.

ჩვენი საუბარი ასევე შეეხებოდა პარტიის რეგისტრაციისთვის საჭირო 25-ათასიანი ხელმოწერის გაუქმებას. ამ საკითხთან დაკავშირებითაც მხარდაჭერის დაპირება მივიღეთ. ვფიქრობთ, თანამშრომლობა გავაგრძელოთ. ჩვენ წელს, არჩევნების ჩატარების დროსაც გვქონდა ურთიერთობის გამოცდილება და ბატონ გიორგის მუშაობასთან კონკრეტული პრეტენზიები არ გვქონია. ამას ემატება ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე თანხმობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მისი მხარდაჭერის შესახებ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.