იგორ კოლომოისკი არ გამორიცხავს, რომ არსენ ავაკოვი უკრაინის პრემიერ-მინისტრი გახდება
ბიზნესმენი და დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი იგორ კოლომოისკი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის მოქმედმა შს მინისტრმა, არსენ ავაკოვმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს.
ამის შესახებ კოლომოისკიმ „ერ-ბე-კა უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, პოტენციურად შესაძლებელია თუ არა, ავაკოვი პრემიერ-მინისტრი გახდეს.
„რატომაც არა. ის შეიძლება იყოს როგორც კომპრომისი მრავალ პირს შორის, საპარლამენტო არჩევნების გარეშეც“, – აღნიშნა კოლომოისკიმ.
ამასთან, ყოფილი გუბერნატორის აზრით, მომავალი მოწვევის რადაში შევლენ ახალ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“, ასევე იულია ტიმოშენკოს „ბატკივჩინა“, ანატოლი გრიცენკოსა და ოლეგ ლიაშკოს პოლიტიკური ძალები და ოპოზიციური ბლოკის წევრები.
„როდესაც მთელი ეს ისტორია შედგება, უნდა ჩამოყალიბდეს კოალიციაც, ხომ სწორია? ავაკოვი დიდი ალბათობით, იქნება ადამიანი, რომელიც დაბალანსებას შეძლებს. სულ მცირე, ის შინაგან საქმეთა მინისტრად დარჩება“, – განაცხადა იგორ კოლომოისკიმ.
ამავე დროს, კოლომოისკი არ გამორიცხავს, რომ არსენ ავაკოვისთვის არ იყოს საინტერესო პრემიერ-მინისტრის პოსტი და მან შს მინისტრად, როგორც სტაბილურობის გარანტად დარჩენა არჩიოს.
„ისეთი ადამიანისთვის, როგორიც ზელენსკია, ეს მნიშვნელოვანი საყრდენია. პრემიერი კი იყოს კობოლევი (კომპანია „ნავტოგაზის“ ხელმძღვანელი), რადგან ის ტექნიკური ადამიანია, რომელიც შეასრულებს ქვეყნის განვითარების კონცეფციას“, – აღნიშნა კოლომოისკიმ.