საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი NBA-ის კლუბის “ფინიქს სანზის” დამრიგებელი გახდა. ეს ინფორმაცია დაადასტურა “ფინიქსის” ოფიციალურმა ვებგვერდმა.
ეს ისტორიული მოვლენაა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში. მართალია, 46 წლის სერბი სპეციალისტი უკვე დიდი ხანია ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობს და ამერიკული პასპორტი აქვს, მაგრამ NBA-ის გუნდის პირველი მწვრთნელი გახდება ისტორიაში, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ დაიბადა და გაიზარდა.
კოკოშკოვი სერბეთის სოფელ ბანატსკი ბრესტოვაცში დაიბადა. 24 წლის ასაკში ის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა იუგოსლავური კალათბურთის ისტორიაში, 1999 წელს კი მისურის უნივერსიტეტში მიიწვიეს.
სერბი “ფინიქსში” ადრეც მუშაობდა – 2008-13 წლებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. ამჟამად, კოკოშკოვს იგივე პოსტი აქვს “იუტა ჯაზში”.
2017-18 წლების რეგულარულ ჩემპიონატში “ფინიქსმა” ბოლო ადგილი დაიკავა დასავლეთ კონფერენციაში, რის გამოც, პოსტიდან დაითხოვეს მთავარი მწვრთნელი ერლ უოტსონი.