იგორ ჟოვკვა - ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ლიდერებს განუცხადა, რომ კიევის სამშვიდობო გეგმა ერთადერთი გზაა უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად
იგორ ჟოვკვა - ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ლიდერებს განუცხადა, რომ კიევის სამშვიდობო გეგმა ერთადერთი გზაა უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად

ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის სამიტზე“ „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს განუცხადა, რომ კიევის სამშვიდობო გეგმა ერთადერთი გზაა უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ „როიტერთან“ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, იგორ ჟოვკვამ ისაუბრა.

„პრეზიდენტი ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ ლიდერების მხარდაჭერით უხსნიდა გლობალური სამხრეთის ლიდერებს, რომ არ შეიძლება იყოს ბრაზილიის სამშვიდობო გეგმა, ჩინეთის სამშვიდობო გეგმა, სამხრეთ აფრიკის სამშვიდობო გეგმა, როდესაც თქვენ საუბრობთ უკრაინის ომზე“, – აღნიშნა ჟოვკვამ.

დიპლომატის თქმით, უკრაინა, რომელიც ახლა კონტრშეტევისთვის ემზადება, დაინტერესებულია ცეცხლის შეწყვეტით და სურს თავისი სამშვიდობო გეგმის განხორციელება, რომელიც რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან სრულად გაყვანას ითვალისწინებს.

„რუსეთს თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევით უნდა ჩამოერთვას აგრესიის ინსტრუმენტები. პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულაში გვაქვს პუნქტები 1-დან 10-მდე. პირველი პუნქტი ეხება ბირთვულ უსაფრთხოებას, მე-6 პუნქტი ეხება რუსული ჯარების გაყვანას მთელი ქვეყნის ტერიტორიიდან“, – დასძინა დიპლომატმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვას რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, იგორ ჟოვკამ უპასუხა, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას.