იერუსალიმში გეი აღლუმში ათი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
იერუსალიმში გეი აღლუმში ათი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პარალელურად, იერუსალიმში ათობით ადამიანმა გეი აღლუმის ჩატარება გააპროტესტა. დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, იერუსალიმში უსაფრთხოებას 2 500 სამართალდამცველი იცავდა.
როგორც გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, პოლიციამ, რომელიც მსვლელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, კონტრაქციის მონაწილე 49 ადამიანი დააკავა. გამოცემის ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთს დანა აღმოაჩნდა, რამდენიმეს კი, ცრემლსადენი გაზის სპრეი.
იერუსალიმში ლგბტ აღლუმი უკვე მეთვრამეტედ ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მსვლელობა ტრაგიკულად დასრულდა, რადგან ერთ-ერთმა მამაკაცმა აღლუმის 15 წლის მონაწილე დანით სასიკვდილოდ დაჭრა. როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს, მომხდარის შემდეგ, მრავალი ადამიანი მსვლელობას სოლიდარობის ნიშნად უერთდება.