იერუსალიმში აშშ-ის საელჩო ოფიციალურად გაიხსნა. დიპლომატიური წარმომადგელობის გახსნის ცერემონიაში აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ივანკა ტრამპი, სიძე ჯარედ კუშნერი, სახაზინო მდივანი სტივენ მნუჩინი და სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ სალივანი მონაწილეობდნენ.
ისრაელის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი, ქნესეთის სპიკერი იული ედელშტაინი და სხვა მაღალჩინოსნები.
ცერემონიის პარალელურად, იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის გასაპროტესტებლად ისრაელის საზღვართან ღაზას სექტორში ათასობით პალესტინელი შეიკრიბა. აქციის რამდენიმე მონაწილემ ისრაელის ტერიტორიაზე გადასვლა სცადა და ისრაელის სამხედროებს ქვები დაუშინა, რასაც არეულობა მოჰყვა. სამხედროებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. დაპირისპირების დროს 40-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული.
იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის დავის მთავარ საგანს წარმოადგენს. ორივე მხარე ქალაქს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს. იერუსალიმთან დაკავშირებული დავა მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასული წლის დეკემბერში დონალდ ტრამპმა ის ისრაელის დედაქალაქად აღიარა და თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩოს გადატანის შესახებ გამოაცხადა.